ივანიშვილის სანქცირება, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა

პუბლიკა

ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა წევრმა დაუჭირა, 33 კი წინააღმდეგ წავიდა. ის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხება.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელ სამედიცინო ანგარიშებში გამოხატულია შეშფოთება, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება შეუქცევადად გაუარესდეს. ამერიკელი ექიმები ამბობენ, რომ სამედიცინო კვლევები მის ორგანიზმში მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების კვალზეც მიუთითებენ, რაც შეიძლება მოწამვლის შედეგიც იყოს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ მათ 2022 წლის 14 დეკემბერს უკვე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლონ და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

წინა რეზოლუციაში გამოთქმულ შეფასებას ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციაშიც იმეორებს და ხელისუფლებას ისევ მოუწოდებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს.

ამასთან ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებასაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება. ივანიშვილზე ჩანაწერს მხარი ევროპარლამენტის 362-მა წევრმა დაუჭირა, 121 მოწინააღმდეგე იყო, 151-მა კი თავი შეიკავა.

შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილს „ოლიგარქს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციაში მისი პერსონალური როლი დიდია. ამიტომ ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს ივანიშვილისთვის სანციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს.

ევროპარამენტი ახალი რეზოლუციით ასევე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ამ სიტუაციის განსამუხტავად და შეიწყალოს სააკაშვილი.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ გზაზე.