ივანიშვილის თქმით, აშშ-ის ელჩთან არჩევნების შემდგომ აქვს შეხვედრა ჩანიშნული

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას საქართველოში აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან, არჩევნების შემდეგ შეხვედრა აქვს ჩანიშნული. მისი თქმით, სინგაპურში სასამართლოს მოგების შემდეგ, წინა კვირაში დაურეკა აშშ-ის ელჩს და სთხოვა შეხვედრა.

„იმედთან“ ინტერვიუში ჟურნალისტმა მას ჰკითხა აშშ-ის ელჩის განცხადებაზე, რომ ივანიშვილთან შეხვედრის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ კომუნიკაცია ვერ დაამყარეს, რადგან „ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ყველა შეხვედრაზე უარი განაცხადა. ელჩი ამბობს, რომ ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ შეხვედრები კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რადგან აქვს კომპლექსი, რომ ამას აკეთებს მისი კუთვნილი „ხელოვნურად დაბლოკილი ფულის“ გამო.

 „როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი კარგად განვუმარტე რამდენჯერმე, მე შეხვედრებზე წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ, ეს ელემენტარული უზრდელობაა. მე განვუმარტავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერც ერთი გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი.

ხელოვნური სანქციები რომ მომეხსნას მე ეს კომპლექსი რეალურად გამაჩნია, ყველა წესიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ჩემი გადმოსახედიდან ეს, რომ ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან, მოდი მოვილაპარაკოთ“, – ამბობს ივანიშვილი „იმედთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, აქვს კოპლექსი, რომ „ქვეყნის საზიანოდ, პირადული ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო“.