ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, რომ მე და ჩემს ოჯახს გაგვანადგურებენ - გოგაშვილი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს. სოსო გოგაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, რომ მათთვის სასურველი ჩვენება მისცეს, თუ არადა, მას და მის ოჯახს გაანადგურებენ.

„კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება.

შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის „ჩადება“ და მათი დაჭერა, „ოცნების“ ზონდერმედიების შემოსევა.

ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას“, – წერს სოსო გოგაშვილი Facebook-ზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსანი დახმარებისთვის სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

„მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას – დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი. ასევე მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს – დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“, – წერს გოგაშვილი.


სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს თავისსავე სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობას ედავება.

ოჯახი სოსო გოგაშვილის დაკავებას მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადასტურებდა, რომ ის ფლობდა უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, მიაწოდა მედიას, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.