ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებაზე პეტიცია, სავარაუდოდ, ენმ-ის მხარდამჭერმა წაშალა - კუჭაშვილი

პუბლიკა

გუშინ, 8 ივნისს Manifest.ge-ზე გაჩნდა პეტიცია „მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი“, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა შექმნეს. დღეს პეტიცია ვებგვერდზე აღარ იძებნება.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ აქტივისტ შაკო კუჭაშვილს შეკითხვით – რატომ აღარ იძებნება პეტიცია ვებგვერდზე? მისი თქმით, ვებგვერდი, სადაც პეტიცია იყო გამოქვეყნებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ეკუთვნის და „შესაძლოა მან წაშალა“.

„ეს მანიფესტი მართლაც გააკეთა ცნობილმა ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ, მაგრამ ეს საიტი manifest.ge არის „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის. ჩემი ვარაუდით, შეიძლება მან წაშალა”, – აღნიშნა მან.

შეკითხვაზე აპირებენ, თუ არა რამე კამპანიის დაწყებას, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს ღირსების ორდენი, მისი თქმით, „საკამპანიო და აჟიოტაჟის ასაწევი საკითხი ეს არ არის“.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი საუკუნის დიდ ქველმოქმედს, ერისკაცს, ქველმოქმედებაში დახარჯული 3 მილიარდისთვის, კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, რეჟიმის შეცვლისთვის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველი ხალხის სახელით მიენიჭოს ღირსების ორდენი, ჩვენ გვინდა ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ამ დიდი ადამიანის წინაშე! ჩვენს სურვილს გიდასტურებთ ხელმოწერებით”, – ნათქვამი იყო პეტიციის ტექსტში.


უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ „TV პირველს“ უთხრა, რომ ივანიშვილმა ორდენზე მეტი დაიმსახურა. მისი თქმით, ქართველ ხალხსა და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთის ნდობა აქვს და იციან, როგორ დაუდგნენ ერთმანეთს გვერდში გაჭირვების დროს.

„ძალიან კარგი ინიციატივაა, მე დავუჭერდი სიამოვნებით მხარს. მან თავისთავად დაიმსახურა ორდენზე მეტი. ბიძინა ივანიშვილს მოპოვებული აქვს ძალიან დიდი ნდობა თავის ხალხის მიერ. ორივეს აქვს ერთმანეთის ნდობა. იციან, როგორ უნდა დაუდგნენ ერთმანეთს გაჭირვების დროს“, – თქვა ლადო კახაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – უდგას თუ არა ბიძინა ივანიშვილს მძიმე პერიოდი? – ის პასუხობს, რომ ივანიშვილი მუდმივ გამოწვევებში იყო მთელი ცხოვრება და კარგად იცის, როგორ უნდა გაიაროს ქარტეხილები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს „იმდენი ღირსება აქვს, რომ სხვისი მინიჭებული ღირსების ორდენი არ სჭირდება, მით უმეტესს ირონიულ სტილში“.

„TV პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე,  აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს მძიმე პერიოდი, დავითულიანი ამბობს:

 „არა მგონია, მთავარია ქვეყანას არ დაუდგეს მძიმე პერიოდი და რამენაირად ბიძინა ივანიშვილი თვითონ გაგვამხნევებს აქეთ“, – თქვა მან.


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.