ივანიშვილმა აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას - ტიკარაძე

პუბლიკა

„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაამკვიდრა ქვეყანაში ახალი სტანდარტი. კერძოდ, როგორი უნდა იყოს უმაღლესი მორალური და დემოკრატიული სტანდარტი“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

 „მან თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მედიათავისუფლება, ასევე, სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, რომლებიც ასოცირებული იქნება მის სახელთან. მისი ქველმოქმედება იყო უპრეცედენტო პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი ნაბიჯი არის უპრეცედენტო. ყველა ის პროექტი, რომელიც დღემდე შესრულებულა ბიძინა ივანიშვილის სახელით და განხორციელდება „ქართუ ფონდის“ სახელით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ქართველი ერისთვის“  – აცხადებს ტიკარაძე.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილმა საჯარო წერილი გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც პარტიისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ საუბრობს.