ივანიშვილმა დათესა სიყვარული. სამების სანქცირებას ითხოვენ? - მათიკაშვილი

პუბლიკა

„საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი

ის ბიძინა ივანიშვილს „ჭეშმარიტ გმირსა და ქვეყნის მოღვაწეს უწოდებს“. მათიკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის მოღვაწეობამ „დათესა უდიდესი სიყვარული და ის ქართველ ხალხს დამსახურებულად უყვარს“.

„როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება და პირიქით, სადისტური რეჟიმის შემოქმედების, თვალსაჩინო და ევროპული სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული ანტიგმირების, გმირებად და მოწამეებად მონათვლა.

საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?! თეატრების და მუზეუმების გადარჩენის და აღდგენის? ! შენარჩუნებული და გადარჩენილი ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის?! თუ სააკაშვილის და გვარამიას მიერ წართმეული და ივანიშვილის მიერ ჩვენი ხალხისთვის დაბრუნებული ღირსების გრძნობის?!

ეს სია ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული ღვაწლის ჩამონათვალი შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს…. ევროპული ღირებულებები და ფასეულობები პირველ რიგში სიმართლის აღიარებას და პატივისცემას გულისხმობს, სიმართლეს რომელსაც ტყუილი, „ფეიკი“ და ვიწრო პარტიული თუ ლობისტური ინტერესები ვერაფერს დააკლებს.

სიმართლე კი არის მხოლოდ ერთი და ის მდგომარეობს შემდეგში: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული მოამაგეა ჩვენი სამშობლოსი, მისმა მოღვაწეობამ დათესა უდიდესი სიყვარული და სწორედ ამ სიყვარულით, სრულიად დამსახურებულად უყვარს ის ქართველ ხალხს“, – თქვა დავით მათიკაშვილმა.


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.