ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეეფასებინა ის ღალატი, რომელიც ჩაიდინა გახარიამ - სუბარი

პუბლიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოს და კანონის უზენაესობას უღალატა.

„პირველი წუთიდანვე ვამბობდით, რომ ის, რაც გააკეთა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს – ეს იყო სახელმწიფოს, სამართლის და კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა. როდესაც კანონი უნდა აღსრულდეს, პრემიერი ამბობს, რომ ამის წინააღმდეგია და მიდის თანამდებობიდან, ამას შეიძლება ერთადერთი მიზანი ჰქონდეს – ამ კაცის მიზანი იყო ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა.

აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ დადიოდნენ და ავრცელებდნენ მისი გუნდის წევრები, განსაკუთრებით რეგიონებში, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა. ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის, რომელიც ჩაიდინა გიორგი გახარიამ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა.

ბიძინა ივანიშვილი წერილში ხაზს უსვამს, რომ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოისმინა „მოარულად და შეგნებულად“ გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პოლიტიკური პროექტია.