ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

პუბლიკა

„უკვე ორ თვეზე მეტია, გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა 2008 წლის ომის დაწყებაში.

ამასთან ივანიშვილის თქმით, „ომი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარედაკვეთის შესასრულებლად წამოიწყო“.

„სწორედ ნაციონალური მოძრაობაა პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა. გარედავალების შესასრულებლად მათ წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30 ათასი ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა…

…როდესაც ქალაქ გორში ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას – მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს.

ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი გარედაკვეთით სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, თუმცა არც ერთ მათგან მცდელობაც კი არ ჰქონია თავი ემართლებინა.

გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დევს. გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით, შემდეგ კი ტალიავნის დასკვნაზე დათანხმებით, მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ. მაგრამ ალბათ მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებაში გორში გამოსვლისასაც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენი ოსი დები და ძმები ცეცხლის ალში გახვია“. გორში გამოსვლისას მან ასევე თქვა, რომ გამოვნახავთ ძალას, ბოდიში მოვუხადოთ „ჩვენს ოს დებს და ძმებს“, რასაც მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პროტესტი გამოხატეს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმაც.