„ივანიშვილმა თქვენი ანტირუსული გამოსვლების გამო პუტინს ბოდიში შევუთვალეო“ - რას იხსენებენ „რესუბლიკელები“

პუბლიკა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ამავე პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მიერ ეთერში გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა.

„ხათუნა სამნიძემ გაიხსენა, 2014 წლის მაისში რომ მითხრა ბიძინა ივანიშვილმა, თინა ხიდაშელისა და ლევან ბერძენიშვილის მწვავე ანტირუსული გამოსვლების გამო პუტინს ბოდიში შევუთვალეო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ინფორმაციამ. აქამდე რატომ არ ამბობდითო.

რამდენიმე წლის წინ გავიხსენე ეს საუბარი „პალიტრის“ ეთერში. სხვა ამბებიც გამიხსენებია საჯაროდ – მაგალითად, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. არ იცვლება მექი, მკაფიოდ ვუპასუხეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო – ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ“, – წერს დავით ბერძენიშვილი.

როგორც ის წერს პარტია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მნიშვნელოვანი წვლილია იმაში, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო ქვეყანამ და გზა გაეხსნა ვიზალიბერალიზაციისკენ.

„2014-ის ნოემბრიდან, ირაკლი ალასანიას პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ორივე პარტიის ტვირთის ზიდვა კოალიციაში დარჩენილ რესპებს მოგვიხდა. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში უნდა წავსულიყავით 2014- ის ზაფხულში/შემოდგომაზე. პარტიის გაყოფას კოალიციაში გაძლიერება ვამჯობინეთ ორივე ფრთამ – კოალიციის გაუმჯობესების მომხრეებმაც და ოპოზიციაში წასვლის მოსურნეებმაც (სამწუხაროდ, ინტელექტუალური შეცდომა მოგვივიდა – პარტიაც გაიყო და ორივე ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა გაცილებით დასუსტებულები)”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ისიც 2015- 2016 წლებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის როლი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელო არ იყო.

„ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს. 2016- 2020 წლები დასავლური სვლის შეფერხება/ შეჩერება იყო. 2020/2021 წწ- ში არჩევნების მიტაცება უკვე სახელმწიფოებრიობის კრიზისს ქმნიდა. 2022- ის 24 თებერვლიდან კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს.

უკრაინის გამარჯვება და დასავლეთის მიერ რუსეთის მინგრევა ძალიან რეალური მგონია. და ამ საგარეო მხარდამჭერი ფაქტორის გამოყენებით ქართული დემოკრატიის ინსტიტუციებიც – პოლიტიკა, მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. შეძლებს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას“, – წერს დავით ბერძენიშვილი.

მოგვიანებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა და ამჟამად „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშილმა განაცხადა, რომ პუტინთან მობოდიშების შესახებ ინფორმაცია მას არც სმენია და „არც მსგავის ტიპის საუბარს შესწრებია“.

ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე დღეს უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა ჟურნალისტებთან კომენტარი. ის ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა.

„9 წლის წინ მომხდარ ამბავს, რომ ვითომ ახლა იხსენებს, იოტისოდენა დამაჯერებლობა აქვს, ვინმემ ახსნას. ეს არის აბსურდი, ლოგიკურადაც გაუმართავია. მის განცხადებას კრიტიკულად თუ შეხედავთ, ძალიან მარტივად აღმოაჩენთ, რომ ტყუილია”, – თქვა სარჯველაძემ.


გუშინ „TV პირველის“ ეთერში „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ 2014 წელს ევროსაბჭოში მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი.

„მაშინ ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინა, ყირიმი და დონბასი, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, რესპუბლიკელებს, პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, რომ ისეთი მწვავე იყო ეს განცხადებები იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო“, – თქვა ხათუნა სამნიძემ.