ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები თავს დაესხნენ - იურისტი

პუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გვანცა წულუკიძე წერს, რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დაესხნენ თავს.

„ივერი მელაშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!” – წერს ის.

„პუბლიკა“ ორაგანიზაციის კიდევ ერთ იურისტს, ედუარდ მარიკაშვილს დაუკავშირდა. იურისტი ამბობს, რომ დავითგარეჯში სიუჟეტის მომზადებისას ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, დაზუსტებით არ იცის, რა მოხდა, თუმცა შემთხვევის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს. იურისტი ამბობს, რომ, როგორც მას მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, სასულიერო პირების მხრიდან იყო შეურაცხყოფა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცდილობს  ინფორმაციის მიღებას.

როგორც „მთავარი არხის“ პირდაპირი ჩართვიდან ჩანს, ადგილობრივებს გზა აქვთ გადაკეტილი და არ უშვებენ ივერი მელაშვილსა და არხის მანქანას. როგორც ჟურნალისტი ნინუცა კეკელია ამბობს, ძალით ჩასვეს მანქანაში და აიძულებენ ტერიტორიის დატოვებას.

ჟურნალისტის თქმით, ისინი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში სიუჟეტს იღებდნენ, როდესაც სასულიერო პირი მივიდა მათთან და დაიძაბა სიტუაცია. ნინუცა კეკელია ამბობს, რომ სასულიერო პირები ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დაუმტვრიეს, ივერი მელაშვილს კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეძახდნენ „მონას“.