შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება.
კომპანიის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 1-ლი ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. მიუხედავად მატებისა, შპს „თბილისი ენერჯის“ არსაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ყველაზე დაბალი იქნება ქვეყნის მასშტაბით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1 ივლისიდან საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის საფასურის გაძვირებაზე განცხადება გაავრცელეს ასევე: შპს „ინტერ გაზმა”, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“, „საქორგგაზმა” და შპს „თელავგაზმა”.
მათი თქმით, საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. ფასის კორექტირების აუცილებლობა განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების ფასის ცვლილებით.