ივლისიდან ქვეყანაში იგეგმება მასობრივი იმუნიზაცია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დადასტურებულია, რომ აპრილსა და მაისში საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინის 86 000 და Sinovac-ის 100 000 დოზას მიიღებს. თუმცა, მოლაპარაკებები მიდის Novavax-თან მილიონი დოზის შესყიდვაზე, რომლის შემოტანის შემდეგაც დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.

„ივნისში, ჯერჯერობით COVAX-დან არ არის დადასტურებული და არ ვიცით ზუსტად რამდენი დოზა იქნება, მაგრამ ველოდებით, რომ უნდა შემოვიდეს თუნდაც მცირე რაოდენობით Pfizer-ის ვაქცინა.

ამის გარდა, მიმდინარეობს ბილატერალური მოლაპარაკება 2 მთავარ მწარმოებელთან. პირველი –  ეს არის Novavax. ამერიკული კომპანია, რომლის ვაქცინაც, როგორც კვლევებიდან ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ის ბაზარზე გამოჩნდება ივნის/ივლისში და საუბარი გვაქვს 1 მილიონ დოზაზე.

და მეორე – პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს Pfizer-თან 1 მილიონ დოზაზე. თუმცა, მოლაპარაკების პროცესში უფრო წინ ვართ Novavax-თან და ნაკლებად ცნობილია, როდის მივიღებთ მათგან, მაგრამ ვიცით, რომ ეს დიდი ალბათობით იქნება ივლისის შემდეგ.

ამიტომაც, ივლისიდან ქვეყანაში იგეგმება, ე.წ. მასობრივი იმუნიზაცია, როცა ჩვენ დღიურად უნდა გავაკეთოთ 10 000-დან 14, 15 000-მდე აცრა.

ასეთი გათვლებია ივლისის შემდგომ 6 თვეზე, რომ გავიდეთ ჩვენს იმ სამიზნეზე, რომელიც იმუნიზაციის გეგმით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ჯერჯერობით საქართველოში დაახლოებით 22 000 ადამიანია პირველი დოზით აცრილი, რომელთა უმეტესობას AstraZeneca-ს ვაქცინა აქვს გაკეთებული.

თუმცა, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდეც, მისი თქმით, საჭიროა უკვე შემოტანილი და დადასტურებულად შემოსატანი ვაქცინების აქტიური ათვისებაც, რაც მასობრივ ვაქცინაციამდე ქვეყანაში მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც შექმნის საზოგადოებრივ იმუნიტეტს.

„მანამდე ჩვენ ეს 300 000-მდე დოზა აქტიურად უნდა ავითვისოთ. რადგან 300 000 აცრა გარკვეულ, არა დიდ, მაგრამ გარკვეულ კუმულაციურ იმუნიტეტს, საზოგადოებრივ იმუნიტეტს ქმნის“, – თქვა გამყრელიძემ.