ივლისში თბილისში საზაფხულო საბავშვო ბაღები იფუნქციონირებს - კალაძე

პუბლიკა

„თბილისის მასშტაბით, საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 17 ათასამდე აღსაზრდელს 45 მუნიციპალური ბაღი მიიღებს, რომელიც თბილისის მასშტაბით ისე იქნება განაწილებული, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

„პანდემიის პერიოდში საზაფხულო ბაღები გაუქმებული იყო გამოწვევებიდან და იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც მაშინ იყო. წელს ივლისის თვეში მუნიციპალური ბაღების 17 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება 45 საბავშვო ბაღი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის თვეში შვებულება აიღოს, გავიდეს ქალაქიდან, მათ უწევთ მუშაობა და, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით, ყველანაირად შევუმსუბუქებთ რეალობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზაფხულო ბაღები გაგვეკეთებინა. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. საზაფხულო ბაღების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.kids.org.ge”, – განაცხადა კალაძემ.