ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
„თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ აღდგა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი.
კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია.
ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასე რომ, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.