დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს სოციალურ სქელში ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან „სინოვაკისთვის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაციის მინიჭება ივნისს არ გადასცდება.
„ივნისის თვეს არ უნდა გადასცდეს. ველოდებით ყოველკვირეულად, ამ ან მომდევნო კვირაში, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, მისცეს ავტორიზაცია ამ ვაქცინას“, – ამბობს იმნაძე.
ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხად იმნაძე ამბობს, რომ „სინოვაკი“ დაახლოებით 84%-ით იცავს მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგან, თითქმის 100% – სასიკვდილო გართულებებისგან.
„ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ყველა ამ კვლევის შედეგად, ძალიან კარგად ჩანს, რომ „სინოვაკის“ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისაგან დაცვა არის 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისაგან თითქმის 100%-მდე არის ამ ვაქცინის დაცვა და ეს არის მთავარი და ძირითადი ამ ეტაპზე ამ ინფექციასთან ბრძოლისას, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ სასიკვდილო შედეგები და თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაციისა და რეანიმაციის საჭიროება“, – ამბობს იმნაძე.
შეკითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, „სინოვაკით“ აცრა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების, იმნაძე პასუხობს, რომ პირველ რიგში სწორედ მათ უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია.
„ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებები, ჰიპერტონია, სიმსუქნე, ყველა ის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს კოვიდით დაინფიცირების დროს განსაკუთრებით მაღალი რისკის ადამიანებს, შესაძლო მძიმე გამოსავლის გამო, ისინი პირველ რიგში უნდა აიცრან“, – აცხადებს იმნაძე.