იწყება ისტორიული კვირა, მოვისმენთ EU-ის პასუხს. მოსალოდნელია მტრის გააქტიურება - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ქვეყნისთვის ისტორიული კვირა იწყება.

უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ  ევროპული საბჭო უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს.

„იწყება მართლაც ისტორიული კვირა. კვირა, როდესაც უკრაინის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის პასუხს მოვისმენთ. ჩვენ უკვე გვაქვს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება და კვირის ბოლოს იქნება ევროპული საბჭოს პასუხი. დარწმუნებული ვარ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება შედის მთელი ევროპის ინტერესებში.

ამ პერიოდში უნდა ველოდოთ რუსეთისგან უფრო დიდ მტრულ აქტივობას, მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად, სწორედ ამ კვირაში და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.