„იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები“ | ომბუდსმენის ვიზიტი პანსიონში დასრულდა

პუბლიკა

დღეს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ომბუდსმენის აპარატის წევრებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში ჩავიდა. ის პანსიონის ხელმძღვანელს, მთავარეპისკოპოს იაკობს შეხვდა, შემდეგ კი – პანსიონში მყოფ ბავშვებს.

სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ დატოვა ნინოწმინიდის პანსიონი, მანამდე კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ისაუბრა, ასევე, პანსიონის ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმაც.

„პირველ რიგში ეს მაინც იყო პირველადი, გაცნობითი შეხვედრა ბავშვებთან. როგორც მანამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოებაც. ბავშვების მხრიდანაც გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები,  ამიტომ დღვანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში. გავესაუბრეთ მათ. რა თქმა უნდა, გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. ასევე, პირველად გავეცანით (როგორც შესაძლებელი იყო) დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, რადგან ბევრიცაა და ცოტა ქაოტურადაც. ერთი დღე არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ყველაფერს გავეცნოთ. გავაგრძელებთ ვიზიტებს.

მე დღეს დავინახე სრული მზადყოფნა ყველანაირი რეკომენდაციის გასათვალისწინებლად. , ასევე, პირადად დავათვალიერე ინფრასტრუქტურა. ზოგადად, ჩვენთან თანაშრომლობისთვის არსებობს მზადყოფნა. იქნება ვიზიტები თუ რეკომენდაციები.

პირველ რიგში ბავშვების დოკუმენტაცია იქნება სანახავი. ერთი სრულყოფილი ბაზა და მონაცემები არ არსებობს. დასკვნების გამოტანას არ ვიჩქარებ, მაგრამ  ვნახეთ გარკვეული განსხვავებები ამ სიებში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის თქმით, ბავშვებს ჰქონდათ ბარიერი, რაც ბუნებრივია, რადგან მათ სახალხო დამცველის შესახებ პანსიონში კარგი არაფერი სმენიათ და ძირითადად ინფორმაციას ტელევიზიით იღებდნენ.

მისივე განცხადებით, დღევანდელი ვიზიტი დასრულდა, თუმცა შემდგომი ვიზიტები უფრო საფუძვლიანი იქნება. თუ როდის იქნება ომბუდსმენის მომდევნო სტუმრობა პანსიონში, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ დაილაპარაკებენ პანსიონის ხელმძღვანელობასთან და დაგეგმავენ.

პანსიონის ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველის პანსიონში სტუმრობის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები.

„გახსნილები ვართ აბსოლუტურად. სახალხო დამცველის ინსტიტუტი შემოვიდა ჩვენთან. ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, როგორც ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობას, პირველ რიგში. …შევეცდებით, საჩვენებელი გავხადოთ [პანსიონი].

2018 წლის შემდეგ სახალხო დამცველი პირველად შევიდა ამ ბავშვებთან კონტაქტში. გარკვეული გაუცხოება იქნებოდა, რა თქმა უნდა. მეც რომ მოვედი, თავიდან ჩემზეც ასე იყო… ჩვენი კარი ღიაა. პრობლემები თუ იქნება, რამე, ყველაფერს აღმოვფხვრით“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

ამჟამად პანსიონში 15 ბავშვია დარჩენილი. მთავარეპისკოპოს იაკობის თქმით, ერთ ბავშვს უნდა კიდევ პანსიონის დატოვება და შესაბამის ადგილს მოიძიებენ სოციალური მუშაკები.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, აშენდეს ახალი მცირე ზომის საოჯახო სახლი და დღის ცენტრები პანსიონის ბაზაზე.