ლევან ჯობავა ბესიკის ქუჩაზე იარაღის ამოღების საქმეზე სასამართლოში გამოიკითხა. მისი თქმით, დაუსვეს „მაპროვოცირებელი შეკითხვები“.
„იყო მაპროვოცირებელი შეკითხვები. ისეთი, რომელიც რაღაცნაირად საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისკენ მიბიძგებდა… ადგილზე, როდესაც 10-დან 20 პოლიციელამდე იყო ჩემ გარშემო და როდესაც იარაღი დამიმიზნეს, არანაირი ემპათია მათი მხრიდან, ადამიანური თანაგრძნობა, მხარდაჭერა არ მიგრძნია. შეკითხვებშიც ეს ჩანდა – „შენ ხომ არ მიგიყენებია შეურაცხყოფა?“, „შენ ხომ არ გიძალადია?“ და ა.შ.“, – უთხრა ლევან ჯობავამ „ნეტგაზეთს“.
ჯობავა „ნეტგაზეთთან“ იხსენებს, როგორ წაართვა პირს იარაღი, რომელსაც აქციის მონაწილეებს უშვერდა და პოლიციას გადასცა. პოლიციამ ჯობავა იქვე მდებარე კაფეში შეიყვანა გამოსაკითხად. „[პოლიცია] ისე ატრიალებდა ამბავს, თითქოს, ის იარაღი ჩემი უნდა ყოფილიყო“.
„როდესაც კაფეში შევედით და პოლიციამ დაინახა, რომ შიგნით კამერები იყო, მერე წავიდა ლაპარაკი, რომ „კარგი, ბიჭო, რა გჭირს, „შარიკებს“ ისვრის, რა მოგივიდა, დაწყნარდი, ამხელა კაცი ხარ“
15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ 15 სექტემბერს მათ რამდენიმე ადამიანი დაესხათ თავს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიც ამოიღო. ამ ფაქტზე ლევან ჯობავას საათზე მეტხანს კითხავდნენ კაფეში, სადაც ადვოკატს რამდენიმე წუთის განმავლობაში არ უშვებდნენ.
16 სექტემბერს შსს-მ თქვა, რომ დაკავებულია 2009 წელს დაბადებული პირი, რომელსაც სავარაუდოდ პნევმატური პისტოლეტი ჰქონდა.