აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას გამოყოფს მიღწევებსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. „ფორმულასთან“ სატელევიზიო ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ ხარვეზებით იყო სავსე გასაჩივრების პროცესიც და შედეგად, ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართ.
„ყველა დიდ იმედს ამყარებდა ამ არჩევნებზე. 8 მარტის შეთანხმებამ გააჩინა იმედი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა შანსი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირებისთვის. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იყო ნაკლები აგრესია, ნაკლები სიძულვილის ენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დეგნანმა.
საქართველოში ამერიკის ელჩის შეფასებით, 2020-ის არჩევნების მაღალი აქტივობაც კარგი ნიშანი იყო, თუ რამდენად არიან ქართველები დაინტერესებული დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში და რა თქმა უნდა, ის ფაქტიც, რომ 9, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც იქნა არჩეული პარლამენტში დიდი წარმატებაა საქართველოსთვის. და ნაბიჯი უფრო პროპორციული სისტემისკენ, რისი სურვილიც ქართველებმა გამოთქვეს“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ხარვეზებზე:
„სხვების მსგავსად ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც. რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა”, – აღნიშნა ელჩმა.