საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავდა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ჰყვება მის მიმართ არსებულ ზეწოლასა და მუქარაზე, რათა ის გადაწყვეტილება მიეღო, რაც პროკურატურას სურდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 12 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კაბელების საქმეზე“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.
„სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ექვსივე ბრალდებულთან მიმართებაში ეს დადასტურებული იყო პირველივე ინსტანციის განხილვის დროს სასამართლოში. მსჯელობა არის როგორც მივხვდი, აპელაციაში და კასაციაში დაშვებულ გადაცდომებზე სასამართლოს მხრიდან და საუბარია, უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რაზეც ჩემს გადაწყვეტილებაშიც იყო ვრცლად საუბარი. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ყველა ის მტკიცებულება დაუშვა საქმეზე, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა. პოლიტიკური დაკვეთა იყო, მეტი არაფერი ამ საქმეში“, – ჰყვება დავით ჯუღელი „ტვ პირველთან“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მის მიმართ ხომ არ იყო ზეწოლა და მუქარა, ჯუღელი პასუხობს:
„არა მხოლოდ მუქარა, თხოვნა, მოსყიდვა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი. იყო მუქარის წერილები მეუღლის მიმართ. ყველას მხრიდან, პროკურატურისა და ცნობილი ოდიოზური ფიგურის, ფარცხალაძის მხრიდანაც. ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან, მოქმედი გენპროკურორის მხრიდან, იმ პერიოდში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან. ბევრი მხარე იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, მცდელობებში, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო ისეთი, როგორიც სურდა პროკურატურას“.
მისი თქმით, უმთავრდებოდა 10-წლიანი სამოსამართლეო ვადა, ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ „უპირობოდ გამიგრძელებდნენ ამ ვადას, უვადოდაც დავინიშნებოდი და არამხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, უზენაეს სასამართლოშიც კი“.
საია 2015 წელს წერდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. ორგანიზაცია ამბობდა, რომ ამ საქმეზე დაკავებულები უდანაშაულოები იყვნენ.
2016 წელს თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა და არა დავით ჯუღელმა.
2017 წელს სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო არა სახელმწიფო თანხის გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.