„ათეულობით შემთხვევა არ იყო, ასეთი იყო ორი-სამი შემთხვევა” – ასეთი რეპლიკა ჰქონდა „ქართული ოცნების” პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ვერ ხდება დეკემბრის აქციების დროს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობის ათეულობით შემთხვევების გამოძიება.
„საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3%… ასეთივე სტანდარტი მოქმედებს ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით. დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება. თუ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, თუ არ არის იდენტიფიცირებული დამნაშავე პირი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ მოხდება ბრალის წაყენება. დანარჩენზე მოგახსენებენ შესაბამისი უწყებები…”, – აღნიშნა მან.
ჟურნალისტის რეპლიკაზე – „დამეთანხმებით, რომ არ იყო მხოლოდ ერთეული, ერთი და ორი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ პოლიციამ იძალადა ჟურნალისტსა თუ მოქალაქეზე. იყო ათეულობით შემთხვევა…”;
კობახიძე პასუხობს, რომ „ათეულობით შემთხვევა არ იყო, რაზეც შეიძლება დადგეს სისხლისსამართლებრივი გამოძიების აღძვრის საკითხი. ასეთი იყო ორი-სამი შემთხვევა… სისხლის სამართლის პოტენციური საქმე იყო რამდენიმე შემთხვევა. ორი-სამი, შეიძლება ოთხი”.
მისივე თქმით, უწყებას აქვს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პირთა იდენტიფიცირების თუ ვერ იდენტიფიცირების მიზეზებთან დაკავშირებით.
„მათგან შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხდა შესაბამისი პირების იდენტიფიცირება”, – აღნიშნა მან
„ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ” – გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საერთო ანგარიშიდან ამონარიდებს, სადაც თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია:
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატს, ჯამში, იდენტიფიცირებული აქვს 282 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. აქედან 81 შემთხვევა აპარატმა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღრიცხა.
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3-4 დეკემბრის ღამის ჩათვლით და 6-7 დეკემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უკანონო დაშლისას, ასევე, 2025 წლის 2 თებერვალს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრების მხრიდან სავარაუდო წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარა თითქმის ყველა დაკავებული.
ანგარიშის მიხედვით, ამ თარიღებში სახალხო დამცველის აპარატის მიერ მონახულებული 343 ადამიანიდან 242 (70.5%) იყო სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. სახალხო დამცველის შეფასებით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური. რამდენიმე ათეული მსხვერპლი სპეცრაზმის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის მსგავს ხერხებსა და მეთოდებზე მიუთითებს”.