„იყო საუბარი, რომ კომენდანტის საათმა გადაიწიოს ერთი ან 2 საათით მაინც" | შეხვედრა ბიზნესსექტორთან

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა. შეხვედრაში სხვადასხვა სფეროს მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცლებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე ქვეყანამ კონკურენტული პოზიცია და ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე და განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, ფრთხილად, წესების დაცვით ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და დამატებითი ჟანგბადი შესძინოს ეკონომიკური აღდგენის პროცესს.

„ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია გლობალურად შექმნილი ვითარებით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასთან. ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები  თქვენგან და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა მსხვილ დამსაქმებლებს.

„ვთქვით, რომ ტრანსპორტის გახსნა არის პრობლემატური 9 საათამდე. ვთქვით, რომ სამსახურები და სავაჭრო 7-ზე დაიკეტება და რჩება 2-საათიანი მონაკვეთი ხალხის გადაყვანაზე და თუ ადრე კოვიდინფიცირების რისკი იყო სავაჭო ცენტრებში, ახლა გახდება რისკი და გვთხოვეთ პრემიერს, რომ ეს დრო გაზრდილი იყოს. იყო საუბარი, რომ იქნებ ორი საათით მოხდეს დროის მონაცვლეობა“, – განაცხადა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ.

„კომენდანტის საათზე იყო საუბარი, იყო საუბარი რომ გადაწეულიყო ერთი ან ორი საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დავაკვირდებით მაქსიმუმ ორი კვირის მანძილზე და მივიღებთ გადაწყვეტილებასო”,  – აღნიშნა „აიჯი დეველოპმენტის” დამფუძნებელმა, მინდია საბანაძემ შეხვედრის შემდეგ.

„ასევე, ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, მათზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას, ვისაუბრეთ რაღაც პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ისიც თანდათანობით გაუქმდეს”, – განაცხადა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისაუბრა იმ 2 ძირითად საკითხზე, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება.

„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული და როგორ შეიძლება, თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში, მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს,  პრივატიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და რა ფუნდამენტალური ცვლილებები არის ეკონომიკაში საჭირო”, –  განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.