იყო შეცდომები. ყველას ბოდიში. მინდა, მოგვეცეს საშუალება შეცდომების გამოსწორების - სააკაშვილი

პუბლიკა

„რა თქმა უნდა, მე დავუშვი ბევრი შეცდომა, ბევრი რამ სულ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. მეორეს მხრივ, ვინც არაფერს აკეთებს, ის შეცდომებსაც არ უშვებს, ზოგიერთი კი საერთოდ არაფერს აკეთებს და მხოლოდ შეცდომებს უშვებს”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. ის „ძალა ერთობაშიამ” დღეს მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

„ჩვენ გვქონდა შეცდომებიც და ჩვენ გვქონდა დიდი მიღწევებიც. ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს უწოდა მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის შუქურა. ჩვენ ვიყავთ გამორჩეული ქვეყანა, რომელსაც შენატროდა მთელი რეგიონი და მთელი მსოფლიო. ეს ხომ ნამდვილად იყო?!

ამავე დროს იყო შეცდომები და მინდა ამ შეცდომებისთვის კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ყველას გულწრფელი ბოდიში. მაგრამ მარტო ბოდიში არ კმარა. მთავარი ბოდიში კი არა, ამ შეცდომების გამოსწორებაა. და მე მინდა, რომ მოგვეცეს საშუალება, ამ შეცდომების გამოსწორების, ბევრად მეტი რაღაცის მიღწევის და გაკეთების ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, გამოცდილების, მიღწევებისა და შეცდომების გათვალისწინებით, გრძნობს, რომ არსებობს ამის პოტენციალი. „პირადად ჩემში არსებობს და მე ამას ვგრძნობ”, – აღნიშნა მან.