კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ევროკავშირის ოფისში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს არცერთმა პარტიამ არ მოაწერა ხელი. შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების დეტალებზე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც.
პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შემოთავაზებული ხუთი პუნქტიდან ოპოზიცია დაეთანხმა სამ პუნქტს და ორ საკითხზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
„ქართული ოცნება“ ხელს უშლიდა კონსტრუქციულ მსჯელობას რიგგარეშე არჩევნების საკითხზე. დანარჩენ საკითხზე გვქონდა მსჯელობა. აქედან სამ საკითხზე ჩვენ შევთანხმდით, როგორც ოპოზიციური პარტიების ერთობა. ეხება ეს საარჩევნო რეფორმას და ეხება ეს მართლმსაჯულების რეფორმას და ხელისუფლების განაწილებას. ამ სამ საკითხზე დავეთანხმეთ. რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს – იყო შემოთავაზება მელიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა იყოს გამოსავალი. არ იყო საკმარისად კარგი შემოთავაზება რურუასთან დაკავშირებით. ამიტომ აქ შეთანხმება ვერ დავასრულეთ. პოლიტიკური პარტიების გათავისუფლებაზე სამუშაო დასასრულებელია და სამუშაო რიგგარეშე არჩევნების მისვლის მექანიზმთან დაკავშირებით. ხუთიდან სამ საკითხს დავეთანხმეთ და დღესვე მზად არის ოპოზიცია, მოაწეროს ხელი.“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების თემა.
„პოლიტპატიმრებზე წავიწიეთ წინ, აქ ტექნიკური საკითხებია დასასრულებელია. რაც არ გაგვიხილავს, იმიტომ რომ ეს საკითხი არ იყო ისე ასახული როგორც ეს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში იყო ასახული. ეს საკითხი გაშლილი ამ დოკუმენტში არ იყო. დანიელსონმა თქვა, რომ პროგრესი არის.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.