ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე 29 იანვარს სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიკითხა. პირველი მოწმე, გია გაფრინდაშვილი არის გამომძიებელი, რომელმაც ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულადან“ გამოსვლისას დააკავა. მეორე მოწმემ, რამაზ გაგოშიძემ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მურთაზ ზოდელავას დაკავების ოქმი შეავსო.
მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც უწყების ცნობით, მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გია გაფრინდაშვილს მურთაზ ზოდელავას ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და მაია მუმლაძემ სთხოვეს, გაეხსენებინა, რა დაინახა და გაიგონა იმ ეპიზოდში, როცა ლევან ხაბეიშვილმა დაკავებამდე თავისი მობილური ტელეფონი მურთაზ ზოდელავას გადასცა.
გია გაფრინდაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მურთაზ ზოდელავამ აიღო ხელში ხაბეიშვილის ტელეფონი, ახსოვს, რომ ოპერატიულმა თანამშრომელმა, ნიკა აბრამიშვილმა მოუწოდა მას, დაებრუნებინა ტელეფონი, მურთაზ ზოდელავა კი ხელს უშლიდა მათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში.
„3-4 პირი ცდილობდა მისთვის ტელეფონის წართმევას. ფიზიკურად ცდილობდა გამორთმევას. ხელში ეჭირა ტელეფონი და გასვლას ცდილობდა. მახსოვს, გელა აბესაძემ გამოართვა. იყო ძიძგილაობა, ხელიც მოუჭირა აბესაძეს. ძიძგილაობაა და ჯერ ერთ ხელს უჭერს, მერე – მეორეს.
მე საგამოძიებო მოქმედებაში ხელი შემეშალა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ლევანს წინააღმდეგობა დიდად არ გაუწევია, ამ ქმედებით ხალხის მობილიზება ხდებოდა, ზედმეტი კითხვები ჩნდებოდა და ხელი მეშლებოდა“, – თქვა პროცესზე მოწმე გია გაფრინდაშვილმა.
შემდეგ ბექა ბასილაიამ და მაია მუმლაძემ გამომძიებელს აჩვენეს ზოდელავასთვის ტელეფონის მიწოდების ვიდეოკადრები, რომლებშიც ისმის სამართალდამცველების ხმა – „დააკავეთ“, მაგრამ არ ისმის, მოუწოდებს თუ არა ვინმე მურთაზ ზოდელავას, დააბრუნოს ხაბეიშვილის ტელეფონი.
პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ მოცემული ვიდეოკადრებით არ შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, იყო თუ არა ზოდელავას მიმართ ტელეფონის დაბრუნების შესახებ მოწოდება გაკეთებული.
ბექა ბასილაიამ მოითხოვა დაზუსტებულიყო, რატომ და რა ვითარებაში გადაწყვიტეს მურთაზ ზოდელავას დაკავება. რადგან, მისი თქმით, ტელეფონის გადაცემა თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაული არაა, მურთაზ ზოდელავა კი არსად მიმალულა. მან მოწმეს სთხოვა განემარტა ის მუხლი, რაც მურთაზ ზოდელავას ჩხრეკას ითვალისწინებდა.
ბასილაიას თქმით, სუსის თანამშრომლებს შეეძლოთ მურთაზ ზოდელავა გაეჩხრიკათ და ამოეღოთ ტელეფონი, ეს ყველაფერი კი გადაუდებელი აუცილებლობით გაემართლებინათ. მაგრამ მისი დაკავება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და აშკარას ხდის, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.
„ის, რაც კადრებზე ნახა საზოგადოებამ, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. მურთაზ ზოდელავას არაფერი არ გაუტაცებია. მურთაზ ზოდელავას რაც ეკუთვნოდა, რაც ეკავა ხელში, ის გამოართვეს. მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დღეს ეს არ არის დანაშაული. მაგალითად, რომ იყოს ეჭვი, რომ მე უნდა გამჩხრიკონ და ჩემი ნივთი წაიღოს ვიღაცამ, სხვამ – მასთანაც უნდა ჩატარდეს ჩხრეკა და არა დაკავება და ბრალის წაყენება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წერია ეს: თუ არსებობს ეჭვი, რომ ამოსაღებად რაც არის გაცემული სასამართლოს განჩინებით, ის საგანი ჩხრეკის პროცესში აღმოჩნდება სხვა პირთან, ამ სხვა პირთან გადაუდებელი აუცილებლობით ტარდება ჩხრეკა“, – თქვა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან პროცესის დასრულების შემდეგ.
ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მომდევნო პროცესი 6 თებერვალს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
რას ედავებიან ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას?
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარუდგინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.
ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს…
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც ასახელებდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.