იყო უპასუხისმგებლო ქმედებები ზოგიერთი ჯგუფის მიერ, რამაც რისკი შეუქმნა სახელმწიფოს – მინისტრი ნამახვანჰესზე

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უპასუხა.

დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა აშენდეს. ამასთან დაკავშირებით, მისი თქმით, მთავრობა შეთავაზებათა პაკეტს ამზადებს ინვესტორებისთვის.

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ ნამახვანჰესის საკითხზე ეკონომიკის მინისტრს დაუსვეს შეკითხვა. ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ სწორად.

„ნამახვანთან დაკავშირებით… სამწუხაროა, რომ რეალურად ჩვენ გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი და ეს სამწუხაროდ არის, ალბათ, გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მიერ.

აქ არ ვსაუბრობ, რომ ერთი რგოლის პრობლემა იყო მხოლოდ, ეს იყო კომუნიკაციის ნაკლებობა ალბათ, მათ შორის ინვესტორის მხრიდან. ასევე იყო, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ გადამეტებული, და გარკვეულწილად უპასუხისმგბელო ქმედებებიც ზოგიერთი ჯგუფის მიერ, რომელმაც ასევე ნეგატიურად იმოქმედა პროექტის გაგრძელებაზე და გარკვეული რისკები შეუქმნა საქართველოს სახელწმიფოს ამ კუთხით.

თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და უნდა განხორციელდეს სწორად. მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მსხვილი ენერგეტიკული პროექტები მთავრობის აქტიური ჩართულობით უნდა წარიმართოს და სწორედ ამას გეგმავენ.