იყო ვერსია, ევროკავშირის ერთ-ერთ ორგანიზაციას გადაეხადა მელიას გირაო - მეგრელიშვილი

პუბლიკა

„პატიმრებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც გამოქვეყნებულია, შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ვერსიაზე, ერთ-ერთი იყო, რომ ევროკავშირში შექმნილ ორგანიზაციას გადაეხადა მელიას გირაო”. – ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში „გირჩის” ერთერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.

აქამდე ამ ინფორმაციას მედიასთან მხოლოდ კონფიდენციალური წყაროები ადასტურებდნენ.

მეგრელიშვილის თქმით, ამაზე საუბარი ზეპირად მიდიოდა – „ხოლო  გამოქვეყნებულ ვერსიაში წერია 19-20 ივნისის მოვლენების ამნისტირება, რაც მოიცავდა მელიას ქეისსაც”.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ რურუას ქეისიც შეიძლებოდა რაღაცნაირად გადაწყვეტილიყო: “სალომე სამადაშვილმა შემოგვთავაზა ვერსია, რომელიც მე ძალიან მომეწონა და მხარი დავუჭირე, რომ ამ ამნისტიის ფარგლებში მოხვედრილიყო რურუაც. ხომ ყველას გვესმის, რომ ამ მოვლენებს მოჰყვა მისი შემთხვევაც. მონდომების შემთხვევაში ტექნიკური გადაწყვეტა მოხდებოდა, თუმცა ამ წინადადებაზე ხელისუფლებას არ დაეტყო მოწადინება”.

მეგრელიშვილის თქმით, დანიელსონის ვერსიით რურუა რამდენიმე თვეში, სამაჯურით უნდა გამოსულიყო.

„ამ წინადადებაზე ოცნება აღფრთოვანებული არ ჩანდა, თუმცა, ამბობდა, რომ ბევრი შენიშვნა აქვთ, მაგრამ არცერთი პუნქტი არ არის, რომელზეც ხელს არ მოაწერდნენ,  თუ შევთანხმდებოდით” – ამბობს „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი.

კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ მან ყველა პრობლემურ საკითხზე გადაწყვეტის გზა შესთავაზა მხარეებს, თუმცა სამწუხაროდ არცერთმა პარტიამ არ მოაწერა ხელი მის შეთავაზებულ დოკუმენტს.