„იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, საზოგადოებას მიაწოდებდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა რეალურად ვიცით მათი წარსული; რეალურად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან ბევრი ადამიანი იყო ისეთიც, რომლებსაც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვთ და მათ ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით…
თუ ვინმეს ჰგონია ის, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია რევოლუციით, დაპირისპირებით, სისხლის ღვრით, ძალიან ცდება, მეგობრებო! არავის არაფერი არ გამოუვა, თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.
მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.