„იზა ჩირგაძე იმყოფება ოჯახთან ერთად და არის უსაფრთხოდ“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს. მათი კორესპონდენტის ცნობით, ჩირგაძის ადგილსამყოფელს მიაგნეს ერთ-ერთი რეგიონის სოფელში, თუმცა, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებენ.
ჟურნალისტის ცნობით, თავად იზა ჩირგაძე და მისი მეუღლე კონტაქტზე არ გამოდიან. ჩირგაძის სოფელში ყოფნას მისი მეზობლები ადასტურებენ. მათი თქმით, ჩირგაძე სოფელში წუხელ ნახეს და ესაუბრნენ კიდეც მას.
1 ნოემბერს ქუთაისში ენმ-ის ოფისში ხატია დეკანოიძემ საუბნო კომისიის წევრთან ერთად ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ქუთაისის 90-ე კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აიძულებდა უბანზე ხმის უფლება მიეცა პირისთვის, რომელსაც სხვა პირადობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ შეასრულა დავალება, რის გამოც დაემუქრნენ.
„მაძალებდა ქალბატონი ინგა, „ოცნების“ წარმომადგენელი. დამირეკა – ვინც შემოვა, გაატარეო. არცერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ასეთი – სხვა ადამიანი სხვა პირადობით შემოდიოდა და ყველა უკან გავუშვი. ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთე. არაფერი დამიშავებია“, – განაცხადა 90-ე უბნის კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ.
იზა ჩირგაძეს 1 ნოემბრის საღამოდან ვეღარ უკავშირდებოდნენ ენმ-ის წარმომადგენლები.
განცხადება ასევე გაავრცელა „სამართლიანმა არჩევნებმა”. ისინი იზა ჩირგაძეს სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, 2 ნოემბრის დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.