იზა ჩირგაძე პოლიციაში გამოკითხეს

პუბლიკა

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე, რომელმაც არჩევნების გაყალბების შესახებ განაცხადა, გუშინ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. რომელი საქმის ფარგლებში გამოიკითხა იზა ჩირგაძე, უწყებაში არ ამბობენ. ასევე უცნობია, გამოკითხა თუ არა პოლიციამ სხვა პირები.

იზა ჩირგაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 1 ნოემბერს გამართული ბრიფინგის შემდეგ ვეღარ პოულობდნენ. მას გათიშული ჰქონდა პირადი ტელეფონი და აღარ იყო ხელმისაწვდომი სოციალურ ქსელში.

გუშინ განცხადება გაავრცელა „სამართლიანმა არჩევნებმაც“. ისინი იზა ჩირგაძეს სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, 2 ნოემბრის დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. 3 ნოემბერს იზა ჩირგაძის ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა მედიისთვის, საღამოს კი პოლიციაში მისი გამოკითხვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.


 

1 ნოემბერს ქუთაისში ენმ-ის ოფისში ხატია დეკანოიძემ საუბნო კომისიის წევრთან ერთად ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ქუთაისის 90-ე კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აიძულებდა, უბანზე ხმის უფლება მიეცა პირისთვის, რომელსაც სხვა პირადობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ შეასრულა დავალება, რის გამოც დაემუქრნენ. „მაძალებდა ქალბატონი ინგა, „ოცნების“ წარმომადგენელი. დამირეკა – ვინც შემოვა, გაატარეო. არცერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ასეთი – სხვა ადამიანი სხვა პირადობით შემოდიოდა და ყველა უკან გავუშვი. ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთე. არაფერი დამიშავებია“, – განაცხადა 90-ე უბნის კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ.