იზოლაცია/კარანტინის წესის დარღვევა საგანგებო რეჟიმის მოხსნის შემდეგაც დაისჯება

პუბლიკა

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგაც დაისჯებიან.

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იზოლაცია/კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი − 10 000 ლარით.

განმეორების შემთხვევაში კი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

ცვლილებების მიხედვით, შესაბამისი მუხლები დაემატა როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსს.

აღნიშნული ჯარიმები ძალაში იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, თუმცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით საჭირო იქნება იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დაცვა. [მაგალითად, 22 მაისის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და იზოლაცია/კარანტინის წესის დაცვა მაინც საჭირო იქნება].

იმ შემთხვევაში კი, როდესაც იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და  თუ იზოლაციის/კარანტინის წესი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ნაწილი იქნება, მაშინ ამ წესის დარღვევისთვის უფრო მკაცრი სანქციაა გათვალისწინებული.

კერძოდ, იზოლაციის/კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო  მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

რაც შეეხება განმეორებით შემთხვევებს, აქაც ქმედება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ეს სანქცია ვრცელდება ასევე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევაზეც.

ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან ამოქმედდება.