„ჯაფარასთან“ ბარში შრომის ინსპექცია ისევ მივიდა

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ისევ მივიდნენ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ გადაამოწმეს, რეგულაციას განმეორებით იგივე პირი არღვევდა თუ არა და უთხრეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიდნენ.

ჯაფარიძემ თქვა, რომ დაელოდება, თუ დალუქავენ ბარს, ლუქს ახსნის და ისევ გააგრძელებს მუშაობას.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის, მაია მიქაიას განცხადებით, დაფიქსირდა განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება, რის შესახებაც ინფორმაცია გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, სავარაუდო მოსალოდნელი სანქცია შეიძლება იყოს ბარის დალუქვა ან დამრღვევი სუბიექტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.


„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები წუხელაც მივიდნენ და ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის, მაია მიქაიას განცხადებით, თუ ობიექტი არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას ისევ განაგრძობს, ობიექტი დაილუქება და ფიზიკური პირის მიმართ გამოყენებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბარი 13 იანავრს გახსნა. მისი თქმით, ეს იქნება ბარი, რომელიც დაარღვევს არსებულ რეგულაციებს. კორონავირუსის პრევენციისთვის მოქმედი რეგულაციებით, საღამოს 9 საათის მერე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა, ასევე შაბათ-კვირას აკრძალულია ბარ-რესტორნების ფუნქციონირება. სამუშაო დღეებში მათი მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ღია სივრცეში მოემსახურებიან.