ჯაფარიძე: არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას არ მიაქვს თავისი სიტყვები უკან და მიხეილ სააკაშვილი არ ეცოდება.  მან ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება. …მე არაფერი უკან არ მიმაქვ; არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან; არ მეცოდება-მეთქი, მეტი როგორ გითხრათ; დაანებეთ თავი მიშა სააკაშვილს, შეეშვით ამ ხალხს, დააცადეთ ცხოვრება. მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საავადმყოფოში; ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ, არ გრცხვენიათ? – მე მრცხვენია. გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს. ვინ ტიროდა ასე, „ვაიმე, დედიკო, მიშველე”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ არ გრძნობს უხერხულობას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნათქვამი რეპლიკის გამო.

„უხერხული იცით, რა არის, ჩემი შვილები რომ უჩემოდ გაიზარდნენ, ის იყო უხერხული, პარლამენტის წევრი რომ ვიყავი და ქვეყნიდან მაგდებდნენ, ეგ იყო უხერხული, მარნეულში რომ ქონება ჩამომართვეს.

უიმე, დედას ბიჭი გახდა, ხომ? რამდენი პატიმარი გაიყვანა სააკაშვილმა ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ, რამდენი პატიმარი იხოცებოდა წლიდან წლამდე? ერთი პატიმარი არ ჰყავდა გაყვანილი საავადმყოფოში, ანალიზს არ უკეთებდნენ, „ცე“ ვირუსზე რომ არ ყოფილიყო სამკურნალო. ვისზე მელაპარაკებით,  ჩემი ნება ხომ არ არის, მიშამ ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი“,- თქვა მან ჟურნალისტებთან.

გუშინ დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატ პაატა მანჯგალაძესთან პირადი საუბრისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი„მოკვდება და ძაღლი მიჰკვდომია სულში კიდევ“. ჩანაწერი ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.