დღეს გაიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის” პრეზენტაცია, სახელად „როგორ გაყალბდა არჩევნები”, სადაც კოალიციის წევრებმა წარადგინეს ჩატარებული არჩევნების ანალიზი, ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციებზე, ამასთან, აღნიშნეს, რომ დარღვევები მოხდა არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდეც, რაც ქმნიდა პოლარიზებულ გარემოს.
მათივე განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებამ გააჩინა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, არჩევნების დღეს მთავრობამ ავიაკომპანიებს იმ დღეს ჩამოსული მოქალაქეების სიები მოსთხოვა.
„ეს ვიცით ზუსტად: ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები. ანუ ავიაკომპანიებს სთხოვეს, რომ დღეს ვინ ჩამოდიან, მათი სიები მოგვეცითო, რომ დაედარებინათ ეს სიები, ენახათ და ვიღაც იმათ ნაცვლად, იმათი პირადი ნომრებით არ მისულიყო საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
პრეზენტაციაზე ისაუბრეს, ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ჯაფარიძემ მიუთითა, რომ ცესკოს ამომრჩეველთა სია მოიცავს 1,495,789 პირს, მაშინ როცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ირიცხებოდა ხმის მიცემის ასაკის 2,852,881 მოქალაქე. მისი თქმით, ხმის მიცემის უფლების მქონე ქართველი ემიგრანტების რეალური რაოდენობა შეადგენს 642,908-ს.
„ეს ნიშნავს, რომ 546,998 ქართველი ემიგრანტი (642,908 – 93,970) ხმის მისაცემად არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად ამ პირების პირადი ნომრები გაყალბების ზემოთ აღწერილი მეთოდებით გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი იყო არჩევნების დღეს”, – აღნიშნულია პრეზენტაციაში.
კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ არჩევნებზე ემიგრანტების ხმები, რეალურად „ქართულმა ოცნებამ” დაიმატა.
„ჩვენ არჩევნებზე ვნახეთ, რატომ სჭირდებოდათ ემიგრანტების არჩევნებზე არმიმაგრება, იმიტომ, რომ მათი პირადი მონაცემები გამოიყენეს აქ და მათ ნაცვლად მისცეს ხმები აქ, რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ”. არა პასპორტებით, არამედ ფურცელზე დაწერილი პირადი ნომრებით მიდიოდნენ. რეალურად, ემიგრანტების ხმები არათუ დაკარგა ოპოზიციამ, არამედ დაიმატა „ქართულმა ოცნებამ”. ყოველი ასეთი ერთი ხმა არის მინუს ერთი ოპოზიციას და პლუს ერთი ხელისუფლებას, განსხვავება იძლევა არა ერთ ხმას, არამედ ორს”, – ნიკა გვარამია.