„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას და „დროას“ კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა პარტიასთან, მათ შორის, ნიკა მელიასთან, ნიკა გვარამიასთან და „ლელოსთან“, თუმცა გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
პოლიტიკურ გეგმებზე ზურაბ ჯაფარიძემ „რეაქციაში“ ისაუბრა.
„არაფერი გადაწყვეტილი არ ყოფილა. თავიდანვე ასე ხდება ხოლმე, რომ როგორც კი იტყვი, რომ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ამას მოჰყვება კასკადი კითხვების, აბა რა ხდება… კომუნიკაცია ახლაც გვაქვს, ეს კომუნიკაცია, მგონია, რომ ნორმალური ამბავია. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს „ლელოსთანაც“, დღესაც გვქონდა „ლელოს“ წარმომადგენელთან კომუნიკაცია – არის რაღაც საკითხები, რაზეც ვხვდებით ხოლმე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის პარტიულ ფორმატში და რაღაცებს განვიხილავთ, მათ შორის, მაგალითად, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის გამარტივების პროცესი არის საკითხი, რომელზეც პრაქტიკულად, რეგულარულად რაღაც ტიპის შეხვედრები გვაქვს და რაღაც საკითხებს გავდივართ და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ის, რომ ძალების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, ეს არის კი, განხილვის ერთ-ერთი საკითხი და ამაზე მისაუბრია, როგორც გვარამიასთან, ისე მელიასთან, ამაზე მისაუბრია „ლელოსთანაც“, ოღონდ არცერთ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, რომ ხვალ რაღაც ერთობას ვაკეთებთ“, – ამბობს ჯაფარიძე.
მისი თქმით, დავით კეზერაშვილთან ელენე ხოშტარიას მეგობრობა არ ყოფილა მიზეზი, რატომაც არ შეუერთდნენ ისინი ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებას. ზურა ჯაფარიძის თქმით, უახლოეს მომავალში რამე გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ ამაზე საუბრის დროც მოვა.
„მომავალს რაც შეეხება, ამ წუთის მდგომარეობით, ორივე ნიკამ ახალი პარტია დააფუძნა და აპირებენ თვითონ რაღაცების კეთებას. „ლელოს“ საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ისინიც აპირებენ საკუთარი იდენტობის გამოკვეთას და საკუთარ თავზე მუშაობენ.
ჩვენც ვართ ამ რეჟიმში, ჩვენს თავზე ვმუშაობთ, კამპანიის დაწყებას ვაპირებთ და ა.შ.
გააზრება იმისა, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ივანიშვილი დარჩეს ხელისუფლებაში, არის ის, თუ ოპოზიცია დარჩება ფრაგმენტირებული და ის წაიღებს იმ ხმებს, რაც მათ არ ეკუთვნით, ოპოზიციურ ხმებს. ეს გააზრება გვაქვს ჩვენც მე და ლაკას [ელენე ხოშტარია], ეს გააზრება აქვს ორივე ნიკას, ეს გააზრება აქვს „ლელოსაც“. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ახლა, არის ეს. ერთ კვირაში, ორ კვირაში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ მოვა დრო, როცა დავსხდებით, სავარაუდოდ, და დავიწყებთ ლაპარაკს. მე არ ვიცი, რა კონფიგურაცია იქნება, ჩემი აზრით, რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უკეთესი“, – განაცხადა მან.
წამყვანის შეკითხვაზე, ახლა რატომ შეფერხდა გაერთიანება „ახალის“ გუნდთან, ჯაფარიძე პასუხობს, რომ თუ დიდი ერთობა შეიკრიბება, არა მხოლოდ მელია-გვარამიას გუნდთან, არამედ სხვა პარტიების, მაგალითად, „ლელოს“ მონაწილეობით, მაგ შემთხვევაში იქნება ის ერთობის ნაწილი.
დიდი ერთობა თუ შეიკრიბა, მაგ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენც მაგის ნაწილი. მე მგონი, ზუსტად ჩამოვაყალიბე… ბევრნაირი კომბინაცია შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ ახლა ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ ვართ ჩვენი თავით დაკავებული. კომუნიკაცია გვაქვს ყველასთან, ოღონდ ეს არ არის კონსულტაციები ამ წუთში ხვალ ან ზეგ ერთობის შექმნაზე“, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიძის პოზიციით, არჩევნებამდე 6 თვით ადრე დიდი ერთობის შექმნა შეიძლება რისკი იყოს:
„არჩევნებამდე 6 თვე რომ დარჩება, მაგის მერე შეუძლებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საარჩევნო სისტემაში, მანამდე – შესაძლებელია. ისინი მუშაობენ მათემატიკურად. მაგალითად, ბარიერის თემა, შეიძლება, ეცადონ ოპოზიციის სპექტრის ფრაგმენტირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბარიერის დაწევას, მაგრამ თუ მანამდე იქნება კონსოლიდაცია, მერე ბარიერი დაიწია და ამან გამოიწვია დაქსაქსვა და კონსოლიდაციის დაშლა, გასაგებია რა აღქმას დატოვებს ამომრჩეველში. ეს რაღაც რისკებს აჩენს და არის რაღაცები, რის გათვალისწინებაც ღირს. მე ბოლო 2 წელია, ვიხრები, ეს კონსოლიდაცია მომხდარიყო ადრე. მე არ მინდა, ეს იყოს ხელოვნური ამბავი, რაც ბევრჯერ გვაქვს ნანახი. მე მინდა, ეს იყოს ბუნებრივი პროცესი, გავლილი იყოს შინაარსობრივი საკითხები“, – განაცხადა მან.
ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ „ოცნების“ გამარჯვების ერთ-ერთი გზა დაყოფილი ოპოზიციაა, ბევრი პარტია, რომელიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს და მათი ამომრჩევლის ხმას უმრავლესობის მოსაპოვებლად გამოიყენებს.
ჯაფარიძის თქმით, ამისკენ გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ჩანაწერი (მუხლი 30), რომელიც 1%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ითვალისწინებს.
„უკვე გვყავს ველზე ეგეთი პოლიტიკური მოთამაშეები, ახლა არ დავასახელებ, რომელთა ერთადერთი მიზანი უკვე არის არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ 1%-ის გადალახვა და მერე 4 წელი ბიუჯეტიდან ფულის ჭამა. რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, უფრო გამოჩნდება, ვინ თამაშობს ამ თამაშს, ახლა რომ არ დავაბრალო არავის. ეგ სპეციალურად გააკეთეს, რომ ოპოზიციური ველი დატოვონ ფრაგმენტირებული, რომ იქ დარჩნენ მოთამაშეები, რომლებიც იტყვიან, რომ „ყველა ნაგავია, ძმაო, არავისთან არ მინდა“ და სინამდვილეში იცის, რომ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, მაგრამ 1%-ს გადალახავს და 4 წელი ფეხს ფეხზე გადაიღებს, არაფერს გააკეთებს, მაგრამ ექნება ბიუჯეტიდან შემოსავალი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ჩართულია ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში ზურა ჯაფარიძესთან და მათ გუნდთან ერთად და ყველა გადაწყვეტილებას ერთად იღებენ.