ჯაფარიძე: პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს, მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდე

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს გამოკითხვაზე. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ მზადაა სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს და მტკიცებულებები მიიტანოს ან პროკურორთან ერთად საჯაროდ ჩატარდეს პროცესი.

“როგორც ჩანს ახალი ციკლი დაიწყეს, პოლიტიკოსებს იბარებენ ახლა გამოკითხვაზე. მამუკამაც დაწერა ხაზარაძემ რომ ისიც დაბარეს, მეც მომწერეს და მირეკავდნენ, რომ გამოკითხვაზე მიბარებენ პროკურატურაში. ვუთხარი, რომ მზად ვარ სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მივიდე, მათ შორის, მტკიცებულებები მივიტანო გაყალბების და რაც უნდათ ის გამომკითხონ. თუ უნდათ, საჯაროდაც ვთავაზობ, რომ საჯაროდ გავაკეთოთ ეგ პროცესი, არ მინდა არანაირი მოსამართლე, დაჯდეს ნებისმიერი პროკურორი, დავუჯდები მე მტკიცებულებებით და საჯაროდ გაუშვან ლაივში და ხალხმა ნახოს და მოისმინოს როგორ გამომკითხავენ, არც მაგის პრობლემა არ ამაქვს. სინამდვილეში მაგით დამთავრდება სავარაუდოდ, სასამართლოში დაბარებასაც ალბათ ვერ გაბედავენ, უბრალოდ დაშინების ამბავია, ჰგონიათ, რომ მაგით ვიღაცას შეაშინებენ“, – ამბობს ჯაფარიძე.

პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. გამოკითხვაზე დაიბარეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილიც, თუმცა საგამოძიებო უწყებაში მისვლას არც ის აპირებს. ასევე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” სპიკერი, ლონდა თოლორაია. „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოკითხვაზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მივა.