სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„კერძოდ, კლინიკამ, 4 პაციენტს, გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.
შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას.
დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის, აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული მომსახურება, “- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.