კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები არიან და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.
შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.
ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთების მიხედვით, ეს ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებებს და ატარებენ ღონისძიებებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აირჩიონ „ქართული ოცნება”.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამ ლოგიკით, ნებისმიერი ადამიანი, „რომელიც მხარს უჭერს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ აქტორად”.
„მაგალითად: რაჟდენ კუპრაშვილის მიხედვით, რობერტ დენიროც პოლიტიკური აქტორია. ასევე, ტეილორ სვიფტიც, რომელმაც ახლახან ერთ-ერთ კანდიდატს მხარი დაუჭირა. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც არანაირი ნება თავისი არ აქვს და ის არის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მართული, რომლის ამოცანაა ანტიკორუფციული ბიურო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის გამოიყენოს და არა კორუფციული ფაქტების გამოსავლენად“. – თქვა ბადრი ჯაფარიძემ (ipn-ის ცნობით).