ჯაფარიძე რუსულ კანონზე: ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ ერთადერთი გზა „ქუჩა და პროტესტია”. ის აღნიშნავს, რომ კონსულტაციები უკვე აქვთ როგორც პარტიებთან, ასევე, სამოქალაქო სექტორთან.

„ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ. ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით, პაპუაშვილის მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე 26 ოქტომბერს – ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს.

ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა. არ ვიცი, ახლა ასეთი მზაობა რამდენად არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორთან”, – აღნიშნა მან „მთავარ არხთან”.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.