კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კოალიციის საარჩევნო პროგრამის ოთხი ძირითადი მიმართულება დაასახელა.
ჯაფარიძემ „მთავარის ეთერში“ განაცხადა, რომ კოალიცია აქცენტს გააკეთებს შემდეგ მიმართულებებზე,- ქართული ქარტია, ეკონომიკის სწრაფი განვითარება, განათლება და რეგიონების გაძლიერება.
„ჩვენი საარჩევნო პროგრამა არის ყველაფერზე. არის 4 მიმართულება, რომელზეც ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს.
პირველი, ეს არის ქართული ქარტია, რომელზეც ხელი მოვაწერეთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც დაპირებას რომ გავცემთ და რაღაცაზე ხელს მოვაწერთ, ისევე, როგორც ვთქვით, რომ 8 ივლისამდე რაღაც ტიპის კონფიგურაციამდე შევჯერდებოდით და ვასრულებთ, მარტო ჩვენ გავაკეთეთ ეს და სხვა არავის გაუკეთებია.
ქარტიაში გაწერილი ის რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
მეორე მიმართულება – ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე აქცენტი. უნდა მოხდეს ეკონომიკის გაორმაგება, რაც შემდგომ საფუძველი იქნება სხვა ცვლილებებისთვის ბიუჯეტთან მიმართებით.
შემდეგი ნაწილი არის განათლების თემა – ჩვენ გვინდა მოვაწყოთ თანამედროვე განათლების სისტემა, სადაც რამდენიმე აქცენტი არის, ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო, აქცენტი კეთდება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების მაქსიმალურ დერეგულაციაზე. საჯარო რაც დარჩება, იქ თავისუფალი ბაზრის ელემენტების შემოტანაზე, რათა განათლების ხარისხი მუდმივად უმჯობესდებოდეს და ამას არ სჭირდებოდეს ჩარევა.
ბოლო არის რეგიონების განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრი არ იყოს ყველაფრის განმკარგავი და მმართველი, ადგილზე გაჩნდნენ მესაკუთრეები და ადამიანებს გაუჩნდეთ სტიმული, რომ ბაზარმა იმუშაოს, რეალურად ჩამოყალიბდეს თვითმმართველობა ადგილზე, რომელიც საკუთარ თავს მიხედავს”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტიებმა „ახალი”, „დროა” და „გირჩი – მეტი თავისუფლება” ერთიან საარჩევნო სუბიექტის შექმნისა და არჩევნებისთვის გაერთიანების შესახებ 9 ივლისს განაცხადეს.