ჯაფარიძემ POS TV-ის წილი ჯამში 520 000 ლარად შეისყიდა

პუბლიკა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს შეუერთდა, ტელეკომპანია POS TV-ის 52%-იანი წილი შეიძინა. ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

სამეწარმეო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჯაფარიძემ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, ჯამში, 520 000 ლარად შეისყიდა. 1%-ის ღირებულება 10 000 ლარი იყო.

ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯაფარიძეს წილი მიჰყიდეს კომპანიის ყოფილმა მეწილეებმა: ნუგზარ რუხაძემ (16%), ზვიად ბლიაძემ (16%), ანა შენგელიამ (8%), ვახტანგ კომახიძემ (8%), თემურ ჭარელაშვილმა (28%-დან 4%).

შპს-ის მფლობელობასთან დაკავშირებით ცვლილებები რეესტრში, დღეის მდგომარეობით, უკვე ასახულია და საბოლოოდ ასე ნაწილდება:

  • შალვა რამიშვილი – 24%;
  • თემურ ჭარელაშვილი – 24%
  • ვიქტორ ჯაფარიძე – 52%

ახალ მფლობელზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა POS TV-იმ. მათი თქმით, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭირონ მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არხი დღეიდან „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა ხდება.