საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძის მორიგი პროცესი ჩატარდა.
დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის ადვოკატმა მტკიცებულებები უდაოდ გახადა, რის შემდეგაც მხარეებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.
ზურაბ ჯაფარიძე სხდომას არ ესწრებოდა.
ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროცესში მონაწილეობა და საბოლოო სიტყვით სარგებლობა არ სურს.
„იგი [ჯაფარიძე] ნდობას აცხადებს, რომ განვაგრძოთ პროცესი და დავასრულოთ. არ სურს საბოლოო სიტყვით სარგებლობა. თანხმობას აცხადებს, რომ უდავოდ გახდეს მტკიცებულებები. მისი არგამოცხადების მიზეზი სწორედ ისაა, რომ არ ენდობა სასამართლოს. მითხრა, სწორედ ამ მოსამართლემ დააპატიმრა ნიკა გვარამია და მე არ ვფიქრობ, რომ ის გამოიტანს სწორ გადაწყვეტილებასო“, – თქვა პროცესზე ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა.
საბოლოო სიტყვების შემდეგ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროცესი 23 ივნისისთვის გადადო. მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს შანსს მისცემს, რომ პროცესს დაესწროს. მხარეებს საბოლოო რეპლიკებით სარგებლობის უფლება აქვთ, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება.
„ვისარგებლეთ დასკვნითი სიტყვით, წარმოვადგინეთ არგუმენტი, რატომ იყო საგამოძიებო კომისია არალეგიტიმური. ჩვენ წინასწარ გვყავდა გაფრთხილებული ბრალდების მხარე და სასამართლო, რომ მზად ვიყავით, დაგვესრულებინა სხდომა, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით, სხდომა გადაიდო. არ ვიცით, რატომ გადაიდო სხდომა, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ზურაბ ჯაფარიძეს არ სურს ამ სხდომაში მონაწილეობა“, – უთხრა „პუბლიკას“ ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.
საქმის პროკურორ ნათია თათიაშვილს მიაჩნია, რომ „მკაცრი სასჯელი უნდა იქნას გამოყენებული“. შეკითხვას, სასჯელის რომელი ფორმა მიაჩნია მას მკაცრ სასჯელად, ჯარიმა თუ პატიმრობა, პროკურორმა პასუხი არ გასცა.
„ჩვენი პოზიციით, სასამართლოს მიერ ქმედების შესაბამისი პროპორციული, სამართლიანი, ობიექტური და თანაზომიერი სასჯელი უნდა იყოს განსაზღვრული, რაც ბრალდებულის ქმედებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესაბამება.
ბრალდების მხარე კონკრეტული სასჯელის სახეს და არც ზომას არ ითხოვს. კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა მე, როგორც პროკურორს, და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებისთვის უნდა იყოს მკაცრი სასჯელი გამოყენებული. მკაცრი, რელევანტური უნდა იყოს ჩადენილ ქმედებასთან და ბრალდებულის თითოეულ ქმედებასთან, რაც დაწყებულია ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან, მის მიერ გამოხატულ ნებაში, მის პრინციპულობაში, გამიზნულად კანონის დარღვევაში, კანონის უზენაესობის უგულებელყოფაში, განჩინებით განსაზღვრული გარემოებების უგულებელყოფაში და იმ შედეგში, დღეს რაც დგას. სასამართლო განსაზღვრავს, პატიმრობა იქნება თუ ჯარიმა.
მე ვფიქრობ, უნდა იყოს მკაცრი სასჯელი გამოყენებული მსგავსი ტიპის დანაშაულზე“, – თქვა პროკურორმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მიმართ გამოძიება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას.
საქმეზე ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა. ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს.