ჯაფარიძის თქმით, სამეგრელოში ცესკოს წარმომადგენლები Edison-ის ეგზიტპოლის ჩატარებას ხელს უშლიან

პუბლიკა

Edison Research-ის მთავარი მრჩეველი, ნინო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამეგრელოში ცესკოს წარმომადგენლები ეგზიტპოლის ჩატარებაში ხელს უშლიან. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა და ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა.

„ცესკოს თავმჯდომარეს მივმართავ პირდაპირ, იმიტომ, რომ მისგან გვაქვს წერილი, რომელიც აძლევს უფლებას, რომ იმუშაონ, ჩაატარონ ეგზიტპოლი, იყვნენ 100 მეტრის ზონის შიგნით, მარკირების ზონის გარეთ. დილიდანვე სამეგრელოში ჩანდა მიზანმიმართული აგრესიული დამოკიდებულება ცესკოს წარმომადგენლების მხრიდან Edison-ის ეგზიტპოლის თანამშრომლების მიმართ. არ აძლევენ უფლებას, რომ იდგნენ იქ, სადაც მუშაობის უფლება აქვთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დამკვირვებლების ინფორმაციით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე არის ერთ ამომრჩეველზე 2 ბიულეტენის გაცემის შემთხვევები. დამკვირვებლების თქმით, ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლოა იმის გამო ხდებოდეს, რომ ფურცელი, რომელზეც ბიულეტენია დაბეჭდილი, თხელია და ერთმანეთს ეწებება. ამასთან, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-9 უბანზე დაპირისპირება იყო.