ჯაფარიძის თქმით, სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის 200 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობების შესასვლელები მანქანებით ჰქონდათ ჩახერგილი.

თბილისში, სუსის შენობასთან მანქანა გაჩერებული ჰყავდა ზურაბ ჯაფარიძეს. მანქანა, რომელშიც ზურა ჯაფარიძე იჯდა ევაკუატორით გაიტანეს ადგილიდან. ზურა ჯაფარიძე მანქანიდან არ გადმოსულა.

„დამაჯარიმეს 200 ლარით, სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის, გარდა ამისა, 173-ე მუხლით არის საქმე აღძრული დაუმორჩილებლობისთვისო. რას არ დავემორჩილე, არ ვიცი, იმიტომ, რომ არ გამიგია მათი არანაირი ბრძანება, მანქანაში ვიჯექი. მანქანა არის გადმოყვანილი საჯარიმოზე და მანქანის გამოყვანისთვის იქნება ალბათ კიდევ ჯარიმა გადასახდელი.

მე ვერ დამაკავეს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დავწერე განცხადება სტატუსის შეჩერებაზე, ჯერ კიდევ მაქვს დეპუტატის სტატუსი, იმიტომ, რომ კენჭი არ უყრიათ. ჩემი ხუთი მეგობარი არის დაკავებული 5 სხვადასხვა ქალაქში, ესენია ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, თელავი, გორი“, – უთხრა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.