საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მიმართ მართლმადიდებელი ეკლესია პროტესტს გამოთქვამს, – ამის შესახებ მან tv პირველის ეთერში განაცხადა.
„მე გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ, ალბათ, კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეიწყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა.
და ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს. ეს, ალბათ, გახდება მიზეზი ეკლესიაზე კიდევ ახალი შეტევისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი“, – ამბობს ჯაღმაიძე.
ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ” მოცეკვავე გეიწყვილის შესახებაა. მისი რეჟისორია ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი. თბილისის კინოთეატრებში ფილმის ბილეთების 99,6% პრემიერამდე 5 დღით ადრე გაიყიდა. ფილმის წინააღმდეგ პროტესტს გეგმავს „ქართული მარშიც”. მათი ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ფილმის საქართველოს კინოთეატრებში პრეზენტაციას.