„საერთო კონტექსტში გუშინდელი ინციდენტი შემდეგნაირად იკითხება – ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია, რადგანაც დავით გარეჯში განსაკუთრებულად აღიქვამენ პრობლემას. როდესაც მთავარი არხი გარეჯის ბერებს „გრუს“ აგენტებად აცხადებს და ივერი მელაშვილს – ეროვნულ გმირად, ეს განსაკუთრებულად ძაბავს იქ სიტუაციას“, – ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გუშინ, 4 მაისს, დავით გარეჯში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე, სავარაუდოდ, სასულიერო პირების მხრიდან თავდასხმას.
ჯაღმაიძე ტელეკომპანია „პირველთან“ ამბობს, რომ ძალადობას საპატრიარქო ემიჯნება, თუმცა აცხადებს, რომ მომხდარი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რადგანაც დავით გარეჯში საზღვრის საკითხს განსაკუთრებულად აღიქვამენ:
„გუშინდელ დღეს, როცა იყო ხსენება გარეჯელი მამებისა, იმ კელიებში, სადაც ისინი მსახურობენ, ვერ გადადიან ჩვენი სასულიერო პირები. იმ დღეს დაიგეგმა ივერი მელაშვილის გარეჯთან ჩასვლა და ვფიქრობ, რომ არ შეიძლება, მათ არ ჰქონდეთ გაცნობიერებული, როდესაც მსჯავრდებული [ბრალდებული] არის ქვეყნის მიწების გასხვისების მცდელობაში ეს ადამიანი, უნდა მოერიდოს ამ დაძაბულობას, რომელიც აღიქმება პროვოკაციად.
იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება, დღეს ჩვენი პრემიერი არის ბაქოში და ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს და დიდი იმედი გვაქვს, გარეჯის საკითხზეც იქნება საუბარი, ყველაფერ ამის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია. იმ კონტექსტში, მთლიანობაში, იკითხება გუშინდელი ინციდენტი, როგორც პროვოკაცია.
ძალადობას რაც შეეხება, ძალადობას, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით და ეს არ არის სასულიერო პირების საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას მსგავსი პროვოკაციის დროს როგორმე არ ჩაცვივდნენ უხერხულ მდგომაროებაში. მამები, ალბათ, ამას თავადვე გააცნობიერებენ და შეინანებენ. რაც შეეხება მეორე მხარეს, აქ ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია.
რაც შეეხება კადრებს – სრულად კადრები საღამოს 9 საათზე გავიდა და [მანამდე] იყო კომენტარები, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ივერი მელაშვილს, შემდგომში აღმოჩნდა, რომ კომენტატორიც და თავად მელაშვილიც ამბობენ, რომ ფიზიკურად მას არ დაპირისპირებიან. როგორც კადრებში ჩანს, კამერას აუკრეს ხელი. რა თქმა უნდა, არ არის სწორი ესეც, მაგრამ ის, რომ მელაშვილს სცემეს, ეს არ ჩანს არსაიდან“, – ამბობს დეკანოზი.
ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე აღნიშნული ინციდენტი გუშინ, 4 მაისს მოხდა.
ჟურნალისტის თქმით, ისინი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში სიუჟეტს იღებდნენ, როდესაც სასულიერო პირი მივიდა მათთან და დაიძაბა სიტუაცია. ნინუცა კეკელია ამბობს, რომ სასულიერო პირები ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დაუმტვრიეს, ივერი მელაშვილს კი სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ და ეძახდნენ „მონას“.