ჯაღმაიძე გელათზე: პრემიერთან გვქონდა ინტენსიური ურთიერთობა, ეს იმედს გვაძლევს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცე” გელათის რეაბილიტაციის თემას მიეძღვნა. გადაცემაში ხელოვნებათმცოდნეებმა, რესტავრატორებმა, არქიტექტურის ისტორიკოსებმა და საპატრიარქოს წარმომადგენელმა გელათის კონსერვაცია-რესტავრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

„საპატრიარქო, როგორც იურიდიული მეპატრონე ამ განძის, რომელიც ზოგადად მთელ საქართველოს ეკუთვნის, ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვიცით ამ ძეგლის მნიშვნელობა. ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად უარყოფითი დასკვნისა და ბევრი რეკომენდაციებისა, რაც პირველივე მისიამ დადო, მაინც გრძელდებოდა სამუშაოები იმავე მეთოდით, რომელიც დაწუნებული იქნა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ჩვენ განსაკუთრებით მჭიდროდ უნდა გვეთანამშრომლა ყველა მხარესთან, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ მიმდინარე საქმე შესრულებულიყო სათანადოდ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ჯაღმაიძე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელია.

მისი თქმით, 2022 წლის მაისში საპატრიარქოს მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა 4 სპეციალისტი, რომელთა ვიზიტის მთავარი მიზანი გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების გაცნობა და რეკომენდაციების მომზადება იყო. მკვლევრები გელათის სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. მისი თქმით, მათი დასკვნა ისევე, როგორც მოგვიანებით გამოქვეყნებული ორი დასკვნა, უარყოფითი იყო.

ჯაღმაიძის თქმით, გელათის რეაბილიტაციის საკითხზე საპატრიარქოს კომუნიკაცია ჰქონდა პრემიერთან.

„ჩვენ იმედით ვუყურებთ ამას. დღეს რაც მოვისმინეთ, ძალიან საყურადღებოა ყველაფერი. იმედი გვაქვს იმისა, რომ ხელისუფლებაში … აი, პრემიერთან გვქონდა ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ამ პერიოდში, როცა ჩვენ საპატრიარქოს ჩართულობას ვახსენებდით. პრემიერიც სრულიად იზიარებს ამ მიდგომას, რომ მეცნიერულად იქნეს შესწავლილი და ამ ჩარჩოებში დარჩეს პროცესი. ეს იმედს გვაძლევს – ერთი მხრივ, საპატრიარქოს, მეორეს მხრივ, ეს ჯანსაღი დამოკიდებულება სახელმწიფოს ასეთი რანგისგან. და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დიალოგი შედგება, დარჩება სამეცნიერო ჩარჩოებში და ყველა რეკომენდაციების შესრულდება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.


რა მოხდა გელათში?

გელათი სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.

2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდვეს.

ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.

ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.

ამავე პერიოდში, კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად სამინისტრომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა და ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია მოიწვია. მისიამ საქართველო 2022 წლის 2 დეკემბერს დატოვა. UNESCO- ს დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.

უკვე ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.