საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დელეგაციის მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს. თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან კონკრეტული მიწვევა ან ვიზიტთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
IPN-ის ცნობით, კითხვაზე, გაემგზავრება თუ არა საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში, რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან მიწვევის შემთხვევაში, ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება.
„არ არის გამორიცხული. იცით, რაშია საქმე? ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს.
ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს – შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის საპატრიარქოდან საქართველოს საპატრიარქოსთვის კონკრეტული მიწვევა არ ყოფილა.
კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს სტუმრობდნენ, დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვში ვიზიტი, ჯაღმაიძემ აღნიშნა:
„არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერი არ არის ამის შესახებ კონკრეტული“.
დეკანოზს ასევე ჰკითხეს, რატომ უნდა ჩავიდეს საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ომს აწარმოებს და რუსეთის საპატრიარქო კრემლის პოლიტიკას მხარს უჭერს.
„გასაგებია, ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიაში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ, არ მივესალმოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვში ვიზიტი შედგება, მხარეებს შორის განსახილველი არაერთი საკითხი იქნება.
საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციას 30 სექტემბერს უმასპინძლეს.
1 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა თავად რუსეთის საპატრიარქომაც.
მასში ნათქვამია, რომ „ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა“.