ჯამში 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს საქართველოში 10 პაციენტია, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

„დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 5-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს. 14 ახალი შემთხვევიდან 2  სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინო სივრციდანაა, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო, რომელზეც კვლევა გრძელდება. ჯამში 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით, თუმცა შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყოს, ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 2 მძიმე პაციენტია, თუმცა მათი დაავადება არ პროგრესირებს.

„ჩვენი სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა. ისევ მხოლოდ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა დაავადების პროგრესირება არ ხდება, სტაბილურია უკვე სიტუაცია და რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პროგნოზი აღარ იქნება საყურადღებო და კეთილსაიმედო გახდება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 8-ით გაიზარდა და 851 გახდა. გამოჯანმრთელებულია 702 ადამიანი.