ჯამში ამოღებულია 721 000 დოლარი - საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის 5 მოქალაქე დააკავა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის 5 მოქალაქე დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა და ყიდულობდნენ ვირტუალურ აქტივებს, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახდენდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითიც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.

გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ“, – წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზიკური პირისგან, ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი – 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან – 250 000 აშშ დოლარი, ჯამში – 721 000 აშშ დოლარი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.